პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, არსებული კონფლიქტები და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებულ კრიზისებს და მათი მოგვარების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას.
შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპელმა დიპლომატმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საკითხიც განიხილეს და იმ თემებზე ისაუბრეს, რასაც აღნიშნული გადაწყვეტილება და მისი შესაძლო შედეგები უკავშირდება.
ტოვიო კლაართან გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.