ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის
პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რითიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ხაზს უსვამს, რომ რუსეთი განაგრძობს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას;
მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეაჩეროს მათი რუსეთის მმართველობის ქვეშ ინტეგრაციის მცდელობები;
გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას;
ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;
მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, განაგრძონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებადობდის განვითარება და გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ერთიან ბაზარზე შესვლისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მეშვეობით;
მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს თითოეულ ქვეყანაზე მორგებული მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში "მეტი მეტისთვის" და "ნაკლები ნაკლებისთვის" პრინციპის საფუძველზე; აფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნიკალურ გამოცდილებას, მათ შორის მათ წვლილს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიებში, საბრძოლო ჯგუფებსა და ოპერაციებში და ითხოვს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის კუთხით.