საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის მიერ გატარებული ცვლილებები ფასადური აღმოჩნდა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო თათბირზე განაცხადა, რომელსაც პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი ესწრებოდნენ.
„კალმახელიძემ ბევრი რამე შეცვალა, შემოიღო პაემნები, პრობაცია და სხვა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ გარეგნული და ნაწილობრივი ცვლილებაა და ისეთივე საზიზღრობა, როგორიც ძველ დროს იყო, კვლავ ხდება მთავარ ციხეში“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემა არის ქვეყანაში ბოლო ნაწილობრივ რეფორმირებული სისტემა.
მისი თქმით, სიტუაცია ბევრად მასშტაბურია, ვიდრე პროკურატურის კომპეტენცია ითვალისწინებს.
„მესმის, რომ არის რაღაც პოლიტიკური კომპრომატების ომი, მაგრამ პოლიტიკა ახლა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. რასაც ჩვენ ვუყურეთ ეს ყველანაირი პოლიტიკის საზღვრებს სცდება, ვიცი, რომ ფულიც ტრიალებს. დადგინდა, რომ ეს მომზადებულია, მაგრამ მთავარია, შენ არ მისცე საბაბი და არ მოგიძებნონ სუსტი წერტილი“ - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დასძინა, რომ დაუშვებელია სისტემა მანიაკების ხელში იყოს.
როგორც სხდომაზე მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, საგამოძიებო ღონისძიებები დაახლოებით 12 ეჭვმიტანილთან მიმართებით ხორციელდება.

















