ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დროებით
პატრულის ჯგუფების შეყვანის თაობაზე დაუჯერებელად ჟღერს.
ამის შესახებ ცისკარიშვილმა დღეს „ნიუსპრესს განუცხადა.
ექსპერტის თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სააკაშვილს პრობლემის არსი უკუღმა ესმის და მიაჩნია, რომ სადისტების მიმართ უნდა იყოს სრული ტოლერანტობა, ხოლო განსახვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა შენარჩუნდეს.
„ეს არის ქვეყნის და იმ ადამიანების ტრაგედია, რომლებიც მოტივირებულები არიან, რომ ასეთ საქართველოს მისცენ ხმა კარს მომდგარ არჩევნებზე“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ოცნება აისრულოს და პატიმრების წინააღმდეგ „სადისტური გამოვლინების ლეგიტიმური უფლება დაიბრუნოს“.
„ყველაფერი, რაც ამ სისტემაში ზურაბ ადეიშვილის წაყრუებით ხდებოდა, უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს ვერასოდეს მოხდება, თუ ბაჩო ახალაია რაიმე სახელმწიფო თანამდებობის სიახლოვეს იქნება“-აღნიშნა მან.
ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება მის მიერ უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობის მოხსნას ადასტურებს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების თანამშრომლების გამოყვანა და იქ პატრულის ჯგუფების შეყვანა დაავალა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო თათბირზე განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მთავრი პროკურორი მურთაზ ზოდელავა ესწრებოდნენ.
მისი თქმით, ეს იქნება დროებითი ღონისძიება, რომელიც მანამ გაგრძლედება, სანამ სისტემის მთლიანი განახლება, რეფორმირება და იქ გადახალისება არ მოხდება.

















