საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმერ გამოვლენაზე და
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების დაწყება პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაავალა.
„ჩვენი პასუხი ბევრად უფრო მასშტაბური უნდა იყოს ვიდრე დამნაშავე პირების დასჯა. მთელ სისტემას სჭირდება გადახედვა. მთელი სასჯელაღსრულების დეპატრამენტი არის შესაცვლელი და სარეორგანიზაციო, ახლებურად ჩამოსაყალიბებელი, ისევე როგორც ეს პოლიციაში მოხდა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთანავე, მან განაცხადა, რომ გასაგებია პატიმართა ნათესავებისა და ახლობლების მღელვარება და ამიტომ აუცილებლია, რომ ყველა ვინც მოითხოვს რიგგარეშე პაემანს, ამის უფლება უნდა მიეცეს, რათა ახლობლები დარწმუნდნენ, რომ პატიმრები საღ-სალამათები არიან.
გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, ყველა საპატიმროში უნდა იყოს ომბუდსმენის წარმომადგენელი და სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფები უნდა შედიოდნენ დაწესებულებაში.
„სისტემა მაქსიმალურად უნდა გავხსნათ. ასეთი რამ დახურულ სისტემებში ხდება“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ზუსტად უნდა დადგინდეს რა მოხდა, რისთვისაც სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას.
პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სად იყო პროკურატურა, როდესაც ამდენი ხანი „ამხელა ჯგუფი, მათ შორის სრული მანიაკები, ასე დაუსჯელად მოქმედებდნენ“.
„ეს ნიშნავს, რომ რეალურად მოხდა სისტემური მარცხი“ - განაცხადა სააკაშვილმა საგანგებო თათბირზე.

















