მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების
მიმართულებით და კურატორი ეკონომიკური მიმართულებით, ეს გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.
„მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა, პირველ რიგში, ესაა გლობალური პანდემია, რა თქმა უნდა ესაა გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში იყო გამოყოფილი პირდაპირ აშკარა პრიორიტეტები, ესაა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ინტეგრაცია. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება აქ გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ეხება მათი ეფექტურობა უახლოესი წლების განმავლობაში იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმისთვის, რომ გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და მეორე რიგში იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად ხმამაღალი და რაც მთავარია დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის, ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით და დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით და კურატორი ეკონომიკური მიმართულებით ეს გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ კიდევ ერთ ვიცე-პრემიერად დავით ზალკალიანი წარადგინა და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.
„გარდა ამისა, მეორე საკითხი, რომელიც ასევე იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ეს არის ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებებით, განსაკუთრებით დღეს, როდესაც რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭება სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში, ჩვენ გავაკეთოთ და მზად ვიყოთ გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ქვეყნის ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია, რა თქმა უნდა პასუხი ოკუპაციაზე და რა თქმა უნდა პასუხი იმ მოვლენებზე, რომელიც რეგიონში ვითარდება, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად ასევე მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი დავით ზალკალიანი. მინდა, მოგილოცოთ და იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა დღეს ამ კრიზისის, ამხელა გამოწვევის პირობებში იყო საქართველოს მთავრობის წევრი, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყო ვიცე-პრემიერი. დარწმუნებული ვარ თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევებზე პასუხს და თქვენი მუშაობა იქნება წარმატებული,”- განაცხადა პრემიერმა.