საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერებსა
და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ყოველკვირეული შეხვედრის ფარგლებში შედგა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო ვითარებასთან ერთად, ქართულ სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი დანაშაულის ამსახველ ვიდეოკადრებზეც ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რადგან ის, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, არ არის ერთ დაწესებულებაში მიმდინარე მოვლენა, ეს არის იმ ფაქტის დემონსტრირება, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში რამდენიმე წელია ხდება“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, დემოკრატიული ფასადის მიღმა ძალადობის მანქანა იმალება, სადაც მსგავსი ამაზრზენი ამბები ხდებოდა და ხდება.
უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მსგავსი საშინელება „ქართული ოცნების“ სტრატეგიასა და გეგმებს არ ცვლის.
„1 ოქტომბერს მთლიანად რეჟიმი უნდა შევცვალოთ, მინისტრების გადადგომა და ციხის უფროსების დაჭერა არაა ადეკვატური იმ პრობლემებისა, რაც ქვეყანაში ხდება. მოქალაქეებს მივმართავ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ“ - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ასეთ დროს რთულია ემოციების შეკავება, მაგრამ საზოგადოებამ ემოციები არჩევნებზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად უნდა მიმართოს.
უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ იმ ათიათასობით პოლიციელსაც მიმართავს, რომელთაც მსგავსი ფაქტები არასდროს ჩაუდენია, მაგრამ დღეს შესაძლოა, დისკომფორტს განიცდიან, რადგან მოქალაქეების ეჭვის თვალი ყველას მიმართაა მიპყრობილი.
„ყველას მივმართავთ, რომ მშვიდად იყვნენ და 1 ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთონ, 1 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას პროვოკაციის ან არჩევნების ჩაშლის საშუალებას არ მისცემს, ხელისუფლება, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე დღეში იყო გუშინდელი ფაქტების გამო, უფრო ძალიან მძიმე დღეშია“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შოკირებულები და გაოგნებულები არიან.

















