საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობას. აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ეფექტური შედეგების მისაღწევად.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, საქართველო ინტენსიურად მუშაობს ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინა რაც შეიძლება ადრე მიიღოს და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ კონტექსტში აღინიშნა ლიეტუვის მხრიდან ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის ინიცირება, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება გაზაფხულზე შეძლონ.
პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. ანდრიუს კალინდრამ აღნიშნა, რომ ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ლიეტუვურ ენაში საქართველოს ერთადერთი ოფიციალური სახელწოდება „საქართველას“ გახდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი იუსტინა სლენიტე და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი სალომე გაგუა დაესწრნენ.