საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდებს.
ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა დღეს ხაშურში, მთავრობის გასვლით სხომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გლდანის მე-8 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტი ადამიანის ღირსების შელახვა და წამებაა.
მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვინც აღნიშნულ საქმეში უაშუალოდ იყო ჩაბმული, დაპატიმრებულია ან ძებნაში იმყოფება.
„ყველა მათგანი წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. წარსდგება ყველა - შემსრულებელი, დამკვეთი და ორგანიზატორი. პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ როგორც ჩვენ პოლიციაში აღმოვფხარით წამების ფაქტები, რომლებიც ძალიან ხშირად ჩვენების გამოძალვისთვის გამოიყენებოდა, ისევე ვუზრუნველყოფ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახველი სხვა ქმედებები გამოირიცხოს“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, იგი აღნიშნულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
გლდანის მე-8 საპყრობილეს ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ პატიმრის ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი კადრები თავდაპირველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შსს-ს მტკიცებით, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს. თამაზაშვილი წინა ხელისუფლების დროს შსს-ს მაღალჩინოსანი იყო. მისი სიძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია, ხოლო შვილი კოალიციამ მაჟორიტარად წარადგინა.
ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრის წამების ამსახველი კადრები მოგვიანებით ტელეკომპანია „მაესტომ“ და „მე-9 არხმაც“ გაავრცელეს. „მე-9 არხს“ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ მიაწოდა.
ამის გამო საპროტესტო აქციები სასჯელაღსრულების და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გვიან ღამით გლდანის მე-8 საპყრობილესთან, ასევე თბილისის ფილარმონიასთან გაიმართა. პატიმრების წამება საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააპროტესტეს. საპროტესტო აქციები დღეს თბილისსა და რეგიონებში ისევ განახლდება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გადადგომის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა. თანამდებობიდან გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუაც.

















