სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გადადგომა აბსოლუტურად არასაკმარისი და არაპროპორციული იქნება იმ დარღვევებისა,
რაც გლდანის მე-8 საპყრობილეში გამოვლინდა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ დღეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
ტელეკომპანიების „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ მიერ გავრცელებული პატიმართა წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ ხათუნა კალმახელიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.
„კალმახელიძის გადადგომა არის მინიმუმი და სრულიად არასაკმარისი. ალბათ პრემიერი დააკმაყოფილებს მის განცხადებას, თუმცა, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ კალმახელიძე რეალური გადაწყვეტილების მიმღები არ ყოფილა და სისტემაში არსებულ პრობლემას მისი გადადგომით არ მოევლება“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, იკვეთება ძალიან ბევრი ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის თანამდებობის პირების.
„არსებობს სხვა უწყებები, რომლებსაც ეკისრებათ როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში ეს არის იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა, რომელსაც ყველა ასეთი შემთხვევა უნდა გამოეძია და წლების განმავლობაში იყო სრულიად გულგრილი ამ ფაქტების მიმართ“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებდნენ, რომ ციხეებში იყო წამების ფაქტები და არასათანადო მოპყრობა და არც ერთ ასეთ ფაქტზე სახელმწიფოს პროპორციული და ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენია.
წამების ფაქტების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ფილარმონიასთან და მე-8 საპყრობილესთან საპროტესტო აქციებზე შეიკრიბნენ.

















