„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ
არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.
როგორც გიორგი თარგამაძე აცხადებს, გლდანის მე-8 საპყრობილეში მომხდარი ფაქტები პატიმრების უფლებების უხეში დარღვევის კუთხით, პირველი შემთხვევა არაა, რასაც ასევე, ნათლად ასახავს სახალხო დამცველის დასკვნაც.
მისი თქმით, პატიმართა უფლებების დამრღვევი პირები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ასევე, დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
მოძრაობის ლიდერი იმედოვნებს, რომ მომავალი პარლამენტი პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით გაცილებით ეფექტურ და სწორ პოლიტიკას გაატარებს.
თარგამაძის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატები“ საქართველოს პარლამენტში ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდენ პატიმართა უფლებების დარღვევის შემზარავ ფაქტებზე და არაერთხელ დააყენეს სასჯელაღსრულების მინისტრის იმპიჩმენტის საკითხი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კალმახელიძისთვის მინისტრის სკამის შენარჩუნების გამო, თავად აიღო პოლიტიკური პასუხისმგელობა იმ კრიმინალზე, რაც დღეს ციხეებში ხდება. მართალია, ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე და კალმახელიძეს მაინც მოუწევს მინისტრის თანამდებობის დატოვება, თუმცა, წესით აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, იგი თავად უნდა მიხვდეს და დაუყოვნებლივ დატოვის თანამდებობა“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, განყოფილების კონტროლიორი და განყოფილების ინსპექტორი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დადგინდა, რომ ისინი, მათი გავლენის ქვეშ მყოფ რამდენიმე პირთან ერთად, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.
შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაავრცელა. კადრები გავრცელდა ასევე, ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერშიც, სადაც პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კამლახელიძემ თანამდებობიდან გათავისულების მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა. თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა.

















