საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე თამაზ თამაზაშვილის შესახებ გარცელებულ ბრალდებას,
თითქოს გლდანის მე-8 საპყრობილეში მისი შეთავაზებით პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ხორციელდებოდა, შეთითხნილ საქმეს უწოდებს.
ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ გუშინ ღამით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თამაზ თამაზაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
„დაპატიმრების დღიდან მის შესახებ აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებები გაისმოდა, მაგრამ ამან ახლა კულმინაციას მიაღწია. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ეს აბსოლუტურად შეთითხნილი საქმეა“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან ტელეკომპანია „მე-9 არხმა“ საინფორმაციო გამოშვების ეთერში ახალი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც პატიმრების წამებისა და გაუპატიურების კადრებს ასახავს.
ვიდეო მასალა ტელეკომპანიამ, მისივე ცნობით, ბრიუსელიდან მიიღო. კადრები 2011 წლის მაისშია გადაღებული. ვიდეომასალა ტელეკომპანიის კორესპონდენტს გიორგი ფოფხაძეს გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ მიაწოდა, რომელიც ამჟამად, ძებნაშია.
„მე-9 არხის“ კორესპონდენტმა აღნიშნული კადრები ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს უკვე წარუდგინა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბედუკაძის ადვოკატი დღეს ბრიუსელში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დადგინდა, რომ ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.
„მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს“ - ნათქვამია განცხადებაში.

















