საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გურიაში, შუხუთი-აცანა-ძიმითი-მამათის საავტომობილო გზის 17,5-კილომეტრიანი მონაკვეთის
რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო და იქ დასაქმებულ ადამიანებსაც გაესაუბრა.
სააკაშვილმა საგზაო სამუშაოების შესრულების პროცესში, სიმბოლურად, თავადაც მიიღო მონაწილეობა და გზის დამგები მანქანის საჭეს პირადად მიუჯდა.
პრეზიდენტი სოფელ ძიმითში ადგილობრივებსაც შეხვდა და სიტყვით მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, გზა ყველაფერი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ადგილობრივებს განსაკუთრებით აწუხებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მათი გადაჭრისთვის ყველაფერს აკეთებს.
მისივე თქმით, გუშინ სოფლებში კიდევ რამდენიმე ათეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადანაწილდა; ახლო მომავალში კი - საქართველოს თითქმის ყველა სოფელს გაზი ექნება.
იგი დღეს გურიაპარკშიც იმყოფებოდა.
შუხუთი-აცანა-ძიმითი-მამათის საავტომობილო გზის 17,5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გაკეთდება სანიაღვრე არხები, აშენდება ხელოვნური ნაგებობები და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 2013 წლის გასაფხულზე დასრულდება.

















