საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთის მახლობლად, ყულევში ახალი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც კომპანია „სოკარი“ აშენებს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს ფოთისთვის მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეა ხორცს რეალურად ისხამს.
მისი თქმით, ეს პროექტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ფოთისთვის მილიარდიან ინვესტიციას გულისხმობს. „ეს არის 1500 დასაქმებული ფოთელი“-აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რამდენიმე მსგავსი საწარმოს აშენების შემდეგ, ფოთსა და მის შემოგარენში უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება.
პრეზიდენტის თქმით, გაჭირვების გამო, ადგილობრივები ჯერ კიდევ თურქეთში დადიან და იქ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ, თუმცა, ეს ვითარება მალე შეიცვლება, ვინაიდან ფოთი დიდი ინდუსტრიული ცენტრი ხდება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ფოთში ბუნებრივი აირი ბოლო დრომდე არ იყო და მაღალი წნევის გაზის მილი ქალაქში მისი ხელისუფლების დროს შევიდა. მისივე თქმით, ფოთში ვითარდება ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები. ამჟამად კი, ფოთში აეროპორტის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს გაიხსნება.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ამჟამად ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობაზე მუშაობს, რაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. თუმცა, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ლაზიკას მიზანი 3-4 ჯერ მეტი თანხის ამოღება და დანარჩენ საქართველოზე მისი გადანაწილებაა.
„ეს ვინმეს აკვიატება კი არაა, რომ დუბაის ან თუნდაც, ბათუმის მსგავსი ქალაქი გვინდა. ჩვენ გვინდა, ჩავდოთ ფული და ბევრად მეტი ფული ამოვიღოთ“-აღნიშნა მან.
მისი თქმით, ლაზიკა შავ ზღვაზე ყველაზე საუკეთესო საპორტო ქალაქი იქნება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ლაზიკას პორტში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი ჩაიდება, შემდეგ კი „პორტი ააშენებს ქალაქს“.
მისივე თქმით, ლაზიკასთან დაკავშირებით ხელისუფლებას სრულიად კონკრეტული ბიზნესგეგმა აქვს, რომელიც მოსახლეობის დასაქმებასა და ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდას ისახავს მიზანად.

















