პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი, საორგანიზაციო სხდომა
გამართა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხი: კომიტეტის დებულების შემუშავება და დამტკიცება და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, კომიტეტის დებულება შექმნილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტზე დაყრდნობით, მასში ასახულია კომიტეტის პროფილური მიმართულებები, რომელზეც კომიტეტმა უფლებამოსილების ვადაში უნდა იმუშაოს, ესაა: საგადასახადო, საბიუჯეტო, საბაჟო, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, სავალუტო მიმართულებები, სახელმწიფო კონტროლი. ასევე ის მოიცავს პროცედურებს, რომლის მიხედვითაც ხდება კომიტეტის სხდომის მოწვევვა და სხვა საკითხები.
კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს დებულებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც კომიტეტმა დებულება დაამტკიცა.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს სამი მოადგილე ჰყავს, პირველი მოადგილე და ფრაქციების კვოტით წარმოდგენილი კიდევ ორი მოადგილე. მან თავმჯდომარისთვის მინიჭებული უფლებით პირველ მოადგილედ პაატა კვიჟინაძის კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კომიტეტმა ასევე კენჭისყრით დაუჭირა მხარი კომიტეტის ერთ-ერთ მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით წარმოდგენილ ირაკლი ზარქუას კანდიდატურას. რაც შეხება ოპოზიციის კვოტას, ეს ვაკანსია ჯერჯერობით თავისუფალი რჩება.

















