საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე საქართველოს მასშტაბით
საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი 70 სპეციალური უბნიდან ნაწილს უკანონოდ შექმნილს უწოდებს.
როგორც ხმალაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამონაკლისის წესით, საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალური უბნები სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, საავადმყოფოებსა და სხვა მსგავს შემთხვევებში შეიძლება შეიქმნას.
მისი თქმით, სამხედრო ნაწილებში შეიქმნა 70 სპეცუბანი, სადაც დღევანდელი მონაცემებით, 58 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხმალაძის განცხადებით, საბურთალოზე გახსნილ ერთ-ერთ სპეცუბანში სპეციალურ სიებში 6 ათასი, ხოლო დიდუბეში - 4 ათასი ამომრჩეველია შეყვანილი.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნებზე, შესაძლოა, ელექტორატის დაახლოებით 70% მივიდეს, მაშინ საბურთალოს სპეციალურ უბანში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 10%-ია, დიდუბეში კი 9%. რამაც შეიძლება არჩევნების საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს“ - განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა სპეციალური უბნები ისეთ დაწესებულებებში გახსნეს, რომლებიც არ არის სამხედრო ნაწილი, კერძოდ, დიდუბეში ორი საარჩევნო უბანი თავდაცვის სამინისტროში, ხოლო ერთი დაცვის პოლიციის შენობაშია გახსნილი.
ხმალაძის განცხადებით, მეორე პრობლემა, რაც სპეცუბნებს უკავშირდება სპეციალურ სიაში შყვანილი ამომრჩევლის როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული სისტემით არჩევნებში ხმის მიცემაა.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული სისტემით არჩევნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მონაწილეობს თუ მისი ადგილსამყოფელი ერთი და იგივე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზეა.
მან აქვე განმარტა, მაგალითად, თუ სამხედრო დავით აღმაშენებლის 5 ნომერში ცხოვრობს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ სიაშია შეყვანილი, მას შეუძლია მონაწილეობა როგორც პროპორციული ისე მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში, მაგრამ თუ ის ჭავჭავაძის 5-ში ცხოვრობს და თავდაცვის სამინისტროს სიაშია, მაშინ მონაწილეობის მიღება მხოლოდ პროპორციული სისტემით შეუძლია.
ხმალაძის თქმით, საარჩევნო კომისიები აღნიშნული ნორმის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენენ.
აქვე ხმალაძე განმარტავს, რომ რადგან 1 ოქტომბერი არასამუშაო დღეა სპეციალურ სიაში მყოფი მოქალაქეები, რომლებიც ისეთ უბნებში არიან რეგისტრირებული, რაც სამხედრო ნაწილებს არ წარმოადგენს, ხმას ორჯერ მისცემენ.
ასე, რომ ხმალაძის განცხადებით, სპეციალურ სიაში მყოფი 58 ათასი ამომრჩეველი 116 ათასად შეიძლება გადაიქცეს.
„ქართული ოცნება“ ამის გამო, საერთაშორისო ორგანიზიციებსა და სასამართლოს მიმართავს.

















