„ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის ორმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში თამაზ დევაძემ და ბიძინა დუმბაძემ
პარტიის რიგები დატოვეს და კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატების სასარგებლოდ საარჩევნო კამპანია შეწყვიტეს.
როგორც დღეს ბათუმში „ქართული ოცნების“ ოფისში დევაძემ და დუმბაძემ განაცხადეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელობა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ამ დრომდე ინფორმირებული არ არის.
თამაზ დევაძემ საკუთარი კანდიდატურა საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მურმან დუმბაძის სასარგებლოდ მოხსნა, ხოლო ბიძინა დუმბაძემ - თემურ კახიძის სასარგებლოდ, რომელიც „ქართული ოცნების“ სახელით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატია ხელვაჩაურიდან.
ყოფილი „ლეიბორისტები“ ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები, მათი თქმით, არის დიდგორის ბრძოლა, რომელშიც ყველა გამარჯვებული ვერ იქნება.
რაც შეეხება კოალიციის რიგებში მათი გაწევრიანების საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ უნდა მიიღოს.

















