საქართველოში ვიზიტით მყოფი ბულგარეთის, ლიტვის, ლატვიის, რუმინეთის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამ წუთებში „თბილისი მარიოტში“ ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ აღნიშნა, საუბრის ძირითადი თემა 1 ოქტომბრის არჩევნები იქნება.
გამყრელიძის თქმით, ყველა ის ქვეყანა, რომელთა საგარეო უწყების ხელმძღვანელებთანაც დღეს შეხვედრა იმართება, ერთ დროს საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო, ამდენად, მათ კარგად იციან რას ნიშნავს რუსეთის სურვილი - დაიბრუნოს კონტროლი საქართველოსა და ზოგადად რეგიონზე.
„ამ გავლენიდან თავის დაღწევა თავისუფალი არჩევნების ჩატარებითაა შესაძლებელი. ეს გაგვიხსნის გზას ნატოსკენ, ევროკავშირისა და დემოკრატიული სამყაროსკენ“ - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს და ხალხის არჩევანს ყველა დაემორჩილოს.
„ნუ გავაკეთებთ აქ აქცენტს 2 და 3 ოქტომბერზე, არამედ, 1 ოქტომბერს დავასრულოთ ეს ერთპარტიული მმართველობა“- აღნიშნა მან.
შეხვედრას ასევე ესწრება „ლეიბორისტული პარტიაც“. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, დღეს ხელისუფლებაში მოსვლისთვის ორი ბანდიტური დაჯგუფება - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იბრძვის.
მისი თქმით, პირველი არჩევნების გაყალბებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს, მეორე კი - ამომრჩევლის მოტყუებითა და მოსყიდვით.
„ლეიბორისტების“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამაში ახალი არაფერია, ვინაიდან ადრე ერთმანეთს ასლან აბაშიძე და ედუარდ შევარდნაძე ურიგდებოდნენ.
„დარწმუნებულები ვართ, ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ახლაც ფარული გარიგება მიმდინარეობს, რათა „ლეიბორისტული პარტია“ კვლავ პარლამენტს გარეთ დატოვონ“ - აღნიშნა შატბერაშვილმა.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემაც გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიას ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს და ის იმსახურებს წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში ჰყავდეს, თუმცა, ქდმ-ს ლიდერი მიიჩნევს, რომ ძნელი სათქმელია, არსებობს თუ არა ქვეყანაში ამისთვის შესაბამისი გარემო.
მან ამის მაგალითად აუდიტის სამსახურის გუშინ გამოქვეყნებული მონაცემები მოიყვანა, საიდანაც ირკვევა, რომ ხარჯვითი ნაწილით პირველ ადგილზე მყოფი პოლიტიკური ძალის თანხები ქდმ-ს მიერ მობილიზებულ თანხებს 50-ჯერ აღემატება.
„ამ შემთხვევაში საუბარი კონკურენტულ გარემოზე ზედმეტია“- განაცხადა მან და დასძინა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში საარჩევნო პროცესს აკვირდებიან, რეალობის შესახებ ინფორმირებულები უნდა იყვნენ.
ბულგარეთის, ლიტვის, ლატვიის, რუმინეთის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საქართველოში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფებიან, შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყეს.
უცხოელი დიპლომატები თავის ქართველ კოლეგას, პარლამენტის თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდნენ. ასევე შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთანაც გამართეს.

















