„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანდრო ალავიძე დღეს ზემო ჩუღურეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე გიგი უგულავამ ქალაქის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებში 2013 წელს ჩუღურეთის რეაბილიტაცია იგეგმება.
მისი თქმით, აღდგება ძველი შენობა-ნაგებობები, მოეწყობა თანამედროვე ინფრსტრუქტურა, გაკეთდება ახალი გზა, რომელიც ზემო ჩუღურეთს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს. ასევე, დასრულდება შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება.
შეხვედრის ბოლოს გიგი უგულავამ ანდრო ალავიძეს საპარლამენტო არჩევნებში წარმატება უსურვა და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
გიგი უგულავა დღესვე, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ჩაჩანიძესთან ერთად, დიღომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე უგულავამ და გიორგი ჩაჩანიძემ ქალაქში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, თბილისელების დასაქმებაზე, დაზღვევის ახალ პროგრამასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს.

















