კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევას ვერ დაესწროს.
ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 22 სექტემბერს „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში აქცია აქვს და შესაძლოა, დასავლეთ საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის საკათედრო ტაძარშიც მივიდეს.
„მიუხედავად ამისა, არ გამოვრიცხავ რომ ბიძინა ივანიშვილმა იქ მისვლა ვერ მოახერხოს, რადგან ის ცდილობს, რაც შეიძლება ბევრ რეგიონში ჩავიდეს“ - აღნიშნა პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ბაგრატის ტაძრის კურთხევას, „ქართული ოცნება“ იქ თავისი დელეგაციით იყო წარდგენილი და ბიძინა ივანიშვილის არმისვლისთ სპეკულირება შეუფერებელია.
„ბიძინა ივანიშვილი კათოლიკოსს ხშირად ხვდება და ერთად ბევრ საკითხს განიხილავენ. აქედან გამომდინარე, განცხადება, რომ ივანიშვილი პატრიარქის მოწოდებას არ გამოეხმაურა, უაზრობაა. ხოლო თუ მან რომელიმე ღონისძიებაზე დასწრება ვერ მოახერხა, ეს სხვა საკითხია“- განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ივანიშვილს ბაგრატის ტაძრის აღდგენაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი და ამ საკითხისთვის „სხვა კუდის მობმა“ მისი თქმით, უკადრისი საქციელია.

















