რუსეთის სამხედრო წვრთნები „კავკასია 2012“ რეგიონისთვის საფრთხეს შეიცავს - ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვის საგარეო პოლიტიკური
უწყების ხელმძღვანელმა აუდრონიუს აჟუბალისმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში შესაძლო დაძაბულობაზე, რაც აღნიშნული წვრთნების შედეგად არის მოსალოდნელი, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, წვრთნები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისთვის.
მისი თქმით, დასამახსოვრებელია ის შედეგები, რომელიც 2008 წელს გამართულ ანალოგიურ სწავლებას მოყვა და, რომელიც მასშტაბით გაცილებით მცირე იყო, ვიდრე „კავკასია 2012“.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, წვრთნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ პოზიციას გამოხატავს რუსეთის მიმართ, რაც, მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიის შედეგია.
გრიგოლ ვაშაძე დღეს ხუთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ.
შეხვედრაზე მინისტრები საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებას გაეცნენ და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობზე ისაუბრეს, ასევე, სამხრეთ კავკასიასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
ლიტვის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის და რუმინეთის მინისტრები დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. ასევე, დაგემილია შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

















