ლონდონში პარლამენტის შენობის წინ საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ ქართველმა ემიგრანტებმა აცნობეს, ლონდონში აქციას რეჟისორი ქეთი დოლიძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე და „მომავლის პარტიის“ ლიდერი გია მაისაშვილი შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, უცხო ქვეყნებში საქართველოდან იძულებით გადაადგილებული ძალიან ბევრი ქართველია.
„ცხრაწლიანი მცდელობა იმისა, რომ წაგვართვან სიტყვა, შეგვიზღუდონ თავისუფალი აზროვნება და მოახდინონ ქართველი ხალხის, ქართული ხასიათის დეგრადაცია, ჯერ კიდევ წარმატებით ხორციელდება. წაგვართვეს ხმა, შეგვილახეს უფლებები და რაც მთავარია, შელახეს ჩვენი ღირსება. გვჯერა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება ამ პროცესს დაამთავრებს“ - აცხადებენ ემიგრანტები.
მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში სამართლიანობას დააბრუნებს, ბიზნესს „რეკეტიორი“ სახელმწიფო მანქანისგან გაათავისუფლებს, ასევე, ქვეყანას არა ფსევდო, არამედ რეალური ევროპული განვითარების გზაზე დააყენებს.
„ხელისუფლება სხვადასხვა მაქინაციებით, მათ შორის, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით თუ ემიგრანტებისთვის დამატებითი სარეგისტრაციო მოთხოვნების დაკანონებით, არჩევნებში მონაწილეობაში ჩვენთვის ხელისშეშლას ეცადა, მაგრამ უნდა გამოვნახოთ ყველა რესურსი, მივიღოთ მონაწილეობა ამ ისტორიულ პროცესში და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ლონდონში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ყველას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

















