საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძარში სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, პარტიებს განსხვავებული ხედვა გააჩნდეთ, მაგრამ მთავარ საკითხზე, რომ საქართველო მტერს არ უნდა ჩააბარონ - ყველა უნდა თანხმდებოდეს.
„მინდა ვუთხრა ყველა პარტიის წარმომადგენელს, ჩვენ შეიძლება განგვასხვავებდეს ხედვა, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებზე, მაგრამ იმედია, არ განვსხვავდებით მთავარ საკითხში - რომ საქართველო არ უნდა ჩავაბაროთ მტერს. როგორიც უნდა იყოს ჩვენი პირადი ამბიცია, მას ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, მთავარი საკითხი, რაზეც პოლიტიკოსებს ერთმანეთისგან განსხავებული ხედვა არ უნდა ჰქონდეთ, ისაა, რომ ქვეყანა არაფერზე გაცვალონ და არასდროს დააყენონ პირადი ინეტერსები ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე მაღლა.
„იმ ეპოქაში, როცა აიგო ეს ტაძარი, საქართველოს გაერთიანება ყველა მიმართულებიდან დაიწყო; საქართველოს გაერთიანება დაიწყო 9 წლის წინაც, როცა სამეგრელოდან დიდი კოლონა თბილისისკენ წამოვიდა; საქართველოს გაერთიანების ეტაპია ისიც, რომ ქუთაისში აშენდა პარლამენტი, მთავრობის სახლი, მაგრამ ყველაფერი ეს არის მოძრაობა იმისკენ, რომ საქართველო ერთიან ორგანიზმად ჩამოყალიბდეს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ბაგრატის ტაძრის აღდგენა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სიმბოლოა.
სააკაშვილის თქმით, ამ გაერთიანების იდეას მხოლოდ მთავრობა და პოლიტიკური პარტიები ვერ განახორციელებენ, ამას თაობები სჭირდება.
„მშენებლობა მეფე ბაგრატმა დაიწო და მეფე დავით აღმაშენებელმა დაასრულა, საუკუნეები დასჭირდა მაშინაც. ჩვენ ყველანი ერთად თუ დავდგებით, როგორც ახლა ვდგავართ ამ ტაძარში, ერთმანეთის მხარდამხარ აღვავლენთ ლოცვას და აღვნიშნავთ ტაძრის აღდგენას, თუ ზუსტად ასევე ერთად ვიქნებით, აღვადგენთ ერთიან ძლიერ საქართველოს. ძალა ერთობაშია“ - განაცხადა სააკაშვილმა და სრულიად საქართველოს კათოლოკოს - პატრიარქს მადლობა გადაუხადა.
ბაგრატის ტაძარში საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ როგორც პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე, ოპოზიციური პარტიების თითქმის სრული სპექტრი და საზოგადოება.
განახლებული ბაგრატის ტაძარი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დღესვე, ტაძარი ეკურთხა და პატრიარქმა ბაგრატში წირვა-ლოცვა აღადგინა.

















