საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს ბაგრატის ტაძრის აღდგენა და კურთხევა ტაძრიდან მიულოცა, სადაც იგი ოჯახთან, სხვა პოლიტიკოსებთან
და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს გამართულ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.
„დიდი მეფე ბაგრატის მიერ აშენებული ეს ხელთქმნილი სასწაული ერთიანობის იდეის ყველაზე სიმბოლური განსახიერებაა. მინდა მის უწმინდესობას ამ დიდი ინიციატივისთვის დიდი მადლობა ვუთხრა, ამ ტაძრის აღდგენისა და ყველა იმ ტაძრის აგებისა და რესტავრაციისთვის, რომელიც ბოლო წლებში მისი ლოცვა-კურთხევით განხორციელდა - სამების ტაძარი, ფოთის საკათედრო ტაძარი, დარიალის სამონასტრო კომპლექსი და სხვა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში ძალიან დიდი აღორძინების პერიოდია, არამხოლოდ ტაძრების როგორც შენობების აღდგენისა, არამედ როგორც საგანმანათლებლო ცენტრების, ხალხმრავალი ქადაგების ადგილების და პარტიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების გაღვივებისა.
„მისი უწმინდესობის საქმიანობა ქართული ეროვნული სულიერების ბრწყინვალე გამოხატულებაა. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ გვყავდა ილია ჭავჭავაძე და ჩვენ გვყავს ილია მეორე, ვინც შეძლო ამ ეროვნული სულისკვეთების გაღვივება და აღორძინება“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
იგი მეუფე კალისტრატესაც მიესალმა, რომელსაც მისი შეფასებით, ძალა და ენერგია არ დაუზოგავს ტაძრის აღდგენისთვის.
პრეზიდენტმა ასევე, მადლობა გადაუხადა ყველა მშენებელსა და ადამიანს, რომელიც ტაძრის აღდგენაში მონაწილეობდა.
განახლებული ბაგრატის ტაძარი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დღესვე, ტაძარი ეკურთხა და პატრიარქმა ბაგრატში წირვა-ლოცვა აღადგინა.
საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ როგორც პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე, ოპოზიციური პარტიების თითქმის სრული სპექტრი და საზოგადოება.

















