საქართველოს პრეზიდენტი დღეს განახლებულ თელავს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა ერეკლეს მოედანზე მდებარე იუსტიციის სახლი გახსნა და მოედანზე
შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა.
პრეზიდენტმა სახალხო სეირნობაშიც მიიღო მონაწილეობა და ქალაქის რეაბილიტირებული ქუჩები და ისტორიული შენობები დაათვალიერა.
„რა სილამაზეა, თვალებს არ ვუჯერებ, მაგრამ მთავარია ეს მხოლოდ სილამაზე კი არ იყოს, არამედ ყველა თელავურ ოჯახს გადაედოს, ბევრი რამ გაკეთდეს ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების სფეროში. ეს არის სიცოცხლის შემომტანი, სიცოცხლე ყველა ოჯახში უნდა შევიდეს“-განაცხადა პრეზიდენტმა ადგილობრივებთან საუბრისას.
პრეზიდენტის თქმით, თელავი კახეთის რეაბილიტაციის დასაწყისია - უახლოეს მომავალში, კახეთის სხვა კუთხეების კეთილმოწყობაც დაიწყება.
პრეზიდენტმა ხაზი იმ გარემოებას გაუსვა, რომ თელავში რეაბილიტაციის პროექტზე ქართველი არქიტექტორები მუშაობენ.
„ჩვენ უცხოელებისგან ვისწავლეთ რაღაცეები და ახლა უცხოელებზე კარგად ვაშენებთ“-განაცხადა მან.
მოგვიანებით, სააკაშვილი ელექტრომობილით ნადიკვარის პარკში მივიდა და მოსახლეობას გაესაუბრა.

















