აღმოსავლეთ პარტიონორობის ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, დადებითი მოვლენაა, რომ საქართველოს
საპარლამენტო არჩევნებს ბევრი დამკვირვებელი ეყოლება.
ამის შესახებ ციხელაშვილმა დღეს კონფერენცია -„საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისი განცხადებით, გუშინდელი მონაცემებით, არჩევნებზე დასაკვირვებლად 35 საერთაშორისო და 41 ადგილობრივი ორგანიზაციაა რეგისტრირებული. აღნიშნული ორგანიზაციების დასკვნებზე კი, ძალიან ბევრია დამოკიდებული.
„დამკვირვებლების მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს. კერძოდ, მოლოდინია იმისა, თუ როგორი დასკვნა დაიდება არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი კონფერენციის მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზება და დაძაბულობის საფრთხე იყო.
„დაძაბულობის საფრთხე კიდევ უფრო უარესი დაპირისპირების საფრთხედ რომ არ გადაიქცეს, მისი პრევენცია დარჩენილ ორ კვირაში უნდა მოხდეს“ - განაცხადა ციხელაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნულ პროცესში ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება - ხელისუფლებას როგორც არჩევნების მთავარ განმსაზღვრელ სუბიექტს, ასევე, პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და საზოგადოებას.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციის პირველი ნაწილი დასრულდა. მეორე ნაწილში მონაწილეები საქართველოში საარჩევნო გარემოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებების შეფასებებზე ისაუბრებენ.

















