პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრება.
როგორც „ნიუსპრესს“ „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, ქუთაისში ჩასვლას პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ვერ შეძლებს, ვინაიდან, ის სამუშაო ვიზიტით ევროპაში იმყოფება. ამდენად, ტაძრის გახსნის ღონისძიებას „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოსა და რეგიონული სამსახურის წევრები დაესწრებიან.
„პატრიარქის მოწოდება ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ, ბაგრატის ტაძრის გახსნის ღონისძიებაზე „დემოკრატიული მოძრაობა“ აუცილებლად იქნება წარმოდგენილი“ - განუცხადეს „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურში.
ბაგრატის რესტავრირებული ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დასწრებისკენ საქართველოს ყველა მოქალაქეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გასულ კვირას მოუწოდა. პატრიარქის მოწოდებას გუშინ საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა და ღონისძიებაში მონაწილოების თხოვნით ყველა პარტიას მიმართა.
ბაგრატის ტაძარს ხვალ აკურთხებენ, ხვალვე, წირვა-ლოცვა შესრულდება და რესტავრირებული ტაძარიც ოფიციალურად გაიხსნება.

















