ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში თორნიკე გორდაძემ შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის სახელმწიფო მინისტრთან ეკარტ ფონ კლედენთან, გერმანიის ფედერალური პარლამენტის - ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან რუპრეხტ პოლენცთან, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე სპეციალურ წარმომადგენელთან ანტიე ლეენდერცესთან, ბუნდესტაგში კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობების საპარლამენტთაშორისო ჯგუფის წევრებთან და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თანათავმჯდომარე რალფ ფუქსთან.
შეხვედრები გაიმართა ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივან ემილი ჰაბერთან, გერმანიის ბუნდესტაგის ევროპის კომიტეტის წევრებთან ხოაკიმ შპაცთან, ვიოლა ფონ გრამონ ტაუბადელთან და პარლამენტის წევრ ფილიპ მიბფელდერთან.
გერმანულ მხარესთან გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-გერმანიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობაზე, ევროპულ და ვეროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების კუთხით საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებსა და საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე. შეხვედრებზე, ასევე, ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე.
გერმანულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა, დადებითად შეფასდა ქართული მხარის მიერ ვეროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების კუთხით მიღწეული პროგრესი და მიესალმა ქართული მხარის მზადყოფნას რეფორმების პროცესის გასაგრძელებლად.

















