საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სართიჭალაში ახლადგახსნილი მარცვლეულის საშრობი მეურნეობა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.
საშრობი, სადაც ფერმერებს სიმინდის მოსავლის გაშრობა და დასაწყობება შეეძლებათ, ძირითადად, საგარეჯოს, გარდაბნისა და მარნეულის რაიონებს მოემსახურება.
უახლოეს მომავალში, მარცვლეულის საშრობის გაფართოებაც იგეგმება.
მარცვლეულის მოყვანით დაკავებულ ფერმერებს სულ ოთხი მარცვლეულის შემნახველი ცენტრი მოემსახურება - დასავლეთ საქართველოში აბაშის, შიდა ქართლს გორის, ქვემო ქართლს და კახეთის ნაწილს სართიჭალის და კახეთის აღმოსავლეთ ნაწილს ლაგოდეხის შემნახველი ცენტრები.
სართიჭალის მარცვლეულის საშრობი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ცენტრში დღე-ღამის განმავლობაში 400 ტონა სიმინდის გაშრობა, ხოლო სულ 6 000 ტონამდე გამშრალი სიმინდის დასაწყობებაა შესაძლებელი.

















