საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის მოწოდებას უერთდება და ყველას, განურჩევლად პარტიულობისა, ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე იწვევს.
როგორც მან დღეს ბაგრატის ტაძრის ეზოდან სპეციალური განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, ტაძარი აღდგენილია, როგორც ერთიანობის იდეის უკვდავების, დანგრეულის ხელახლა აშენებისა და გატეხილის გამრთელების სიმბოლო.
„მოდით, ჩვენი ეროვნული ერთიანობა აღვადგინოთ ბოლომდე. მე ვუერთდები პატრიარქის მოწოდებას, რომ ყველანი ერთად, განურჩევლად პარტიული შეხედულებებისა, მოვიდეთ ამ ტაძრის კურთხევის დღეზე. შესაძლოა, ბევრი რამ გვყოფდეს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არ შეიძლება რაიმე სახის გაყოფას ხაზი გავუსვათ. რადგან, საბოლოო ჯამში ჩვენი მტრის დამარცხება არის ერთ ყველაზე მთავარ ძალაში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომელიც ყოველთვის გადაარჩენდა ხოლმე საქართველოს, ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია“- განაცხადა სააკაშვილმა.

















