საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს
ხალხის ნდობისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გამალებით ეჯიბრებიან.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბაგრატის ტაძრის ეზოდან, სპეციალური განცხადების გაკეთებისას აღნიშნა.
მისი თქმით, დემოკრატიის მონაპოვარია, რომ ყველა პოლიტიკოსსა და პარტიას შეუზღუდავი საშუალება აქვს აწარმოოს კამპანია და საზოგადოების სამსჯავროზე ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა მიიტანოს.
„ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარია ისიც, რომ პარტიათა ხედვები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. სამწუხაროდ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ვხვდებით მოწმე იმისა, რომ პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანები იდეების ჭიდილისა და ჯანსაღი პოლემიკის ნაცვლად, ღვარძლისა და შეუმწყნარებლობის ენას იყენებენ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მსგავსი პოლიტიკოსები ხშირად ისეთ შთბეჭდილებასაც ტოვებენ, თითქოს ერთი ქვეყნის შვილები კი არა, ერთმანეთის მოხისხლე მტრები არიან.
„სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი, პოლიტიკურ წარმატებას ნებსით თუ უნებლიეთ, ხშირად ქვეყნის წარმატებაზე წინ აყენებს. არცერთი პოლიტიკური მიზანი, არცერთი ამბიცია არ ღირს იმად, რომ ამას ქვეყნის ერთიანობა, შესაბამისად, პერსპექტივა ვანაცვალოთ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს თუ რა განსხვავებაა მათსა და მოქმედ ხელისუფლებას შორის, რომელსაც მათგან განსხვავებული ხედვები აქვს და მიაჩნია, რომ საქართველო წარსულში აღარ უნდა დაბრუნდეს.

















