საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამწუხაროა ის ფაქტი,
რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი საკუთარ პოლიტიკურ წარმატებას ქვეყნის წარმატებაზე წინ აყენებს.
მისი თქმით, არცერთი პოლიკური მიზანი და არცერთი პარტიული ამბიცია არ ღირს იმად, რომ მას ქვეყნის ერთიანობა შეეწიროს.
„თუ სამშობლო გვიყვარს და გინდა მისი მომავალი უკეთესი იყოს, უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც ჩვენ განგვასხვავებს, ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც გვაერთიანებს. გვაერთიანებს მეფე ბაგრატის იდეა; ის, რისთვისაც იბრძოდა მეფე დავით აღმაშენებელი; ის, რასაც შეეწირა ილია ჭავჭავაძე; ეს არის ერთიანი და წელში გამართული საქართველო“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეს სხვადასხვა ეკონომიკური ხედვა, მაგრამ არ შიძლება არ აერთიანებდეთ მიზანი, რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდეს კორუფციის ჭაობში.
„შესაძლოა, გვქონდეს განსხვავებული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების პოლიტიკა, მაგრამ არ შეიძლება არ გავერთიანებდეს საერთო ნება - აღარასდროს დავუთმოთ ჩვენი ქვეყანა კანონიერ ქურდებს და ორგანიზებულ დამნაშავეებს. შესაძლოა, სხვადასხვანაირად ვხედავდეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ წარმოუდეგენელია არ გვარეთიანებდეს საერთო მისწრაფება - მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და გაერთიანებას“- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ არსებობს ხალხი, რომელიც პუტინის რეჟიმს ენდობა, მაგრამ შეუძლებელია ყველა არ თანხმდებოდეს იმაში, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების დათმობის ხარჯზე.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ, იგი საქართველოს ერთიანობისა და აღდგენის სიმბოლოდან, ბაგრატის ტაძრიდან ყველა პარტიას ერთიანობისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ შორის მრავალი განსხვავების მიუხედავად, ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ იყოს ერთიანი, როგორც საქართველოს პატრიოტი. გავერთიანდეთ საერთო მიზნის ირგვლივ, რათა აღარასოდეს დაბრუნდეს კორუფციული გარემო საქართველოში. შევთანხმდეთ, რომ რომ აღარასოდეს აღარ დავუშვებთ კანონიერი ქურდების თარეშს ჩვენს ქვეყანაში. ერთიანი ძალით ვიბრძოლებთ საქართველოდან რუსული საოკუპაციო ძალის გასაყვანად და ქვეყნის გასაერთიანებლად და, რომ რუსეთთან ურთიერთობას არასოდეს არ ავაწყობთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე და აღარასოდეს აღარ ვიქცევით მონებად. შვთანხმდეთ, რომ ერთად ვიღვაწებთ საქართველოს ნატო-ს წევრობის სტატუსის მოსაპოვებლად“- განაცხადა პრეზიდენტმა.

















