აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ლიბიაში ამერიკის ელჩთან და საელჩოს საინფორმაციო დეპარტამენტის თანამშრომელთან ერთად, უშიშროების სამსახურის თანამშროლები დაიღუპნენ, რომლებიც ყოფილი სპეცრაზმელები იყვნენ.
უცხოური მედიის ცნობით, აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაღუპული ორი პირი სამხედრო იყო. ოფიციალური ვაშინგტონი კი, ამ დრომდე მათ ვინაობას არ ასახელებდა.
როგორც კლინტონის განცხადებაშია აღნიშნული, უშიშროების ორი თანამშრომელი თავიანთი კოლეგების დაცვას ცდილობდნენ. თაირონ ვუდსი და გლენ დოგერტი სამხედრო ვეტერანები იყვნენ, რომელთაც სახელმწიფო ჯილდოები ჰქონდათ მიღებული.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმას, რომელმაც გმირების სიცოცხლე შეიწირა და ვიღებთ დამატებით ზომებს მთელ მსოფლიოში საელჩოების, საკონსულოებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“ - ნათქვამია კლინტონის განცხადებაში.
ვუდსი და დოგერტი მსოფლიოს ცხელ წერტილებში მსახურობდნენ, მათ შორის ავღანეთში, ერაყში, ცენტრალურ ამერიკაში და ახლო აღმოსავლეთში.
ზოგიერთი ამერიკული მედიასაშუალების ცნობით, დაღუპული დოგერტი ლიბიაში სპეციალური სადაზვერვო მისიით იმყოფებოდა, კერძოდ მას ლიბიაში იარაღი უნდა აღმოეჩინა და გაენადგურებინა.

















