არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენციას გამართავს და საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ბოლო ორი პერიოდული ანგარიშის შედეგებს გამოაქვეყნებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, ანგარიშების პრეზენტაციაზე, ჟურნალისტების გარდა, აღნიშნული თემით დაინტერესებული ორგანიზაციები და იმ ექვსი ტელეკომპანიის წარმომადგენლები არიან მიწვეულები, რომელთაც მედიამონიტორინგი ეხება.
ანგარიშებში საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მხრივ მედიამონიტორინგის 30 ივლისი - 26 აგვისტოს შედეგებია ასახული.
მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში მედიამონიტორინგის წინა პერიოდებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სამთავრობო უწყებების მიღწევების ან მათი მომსახურების ამსახველი სარეკლამო რგოლების რაოდენობა შემცირდა.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ დაფიქსირებულა რეკლამები - „დამზადებულია საქართველოში“ და „უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისაგან“, რომლებიც ორგანიზაციის წარმომადგნლის თქმით, ფარული რეკლამის ნიშნებს შეიცავდნენ.
მედიამონიტორინგის პერიოდული ანგარიშების თანახმად, 30 ივლისიდან 26 აგვისტომდე პერიოდში ტელეეთერი ყველა კვალიფიციური სუბიექტის უფასო პოლიტიკურმა და ფასიანმა რეკლამებმა დაიკავა. მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი სხვა პარტიების ფასიანი პოლიტიკური რეკლამებიც.
ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში, ტელეეთერში ყველაზე ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რეკლამები გადის. სუბიექტებიდან კი, ყველაზე ხშირად კოალიცია „ქართული ოცნება“ შუქდება, თუმცა, მისი გაშუქების ტონი უარყოფითია. ნაწილობრივ უარყოფითი ტონით შუქდება ასევე, საქართველოს პრეზიდენტი.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტს ახორციელებს. ორგანიზაციის მონიტორები საზოგადოებრივი მაუწყებელზე, „იმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „კავკასიაზე“, „მაესტროსა“ და „მე-9 არხზე“ გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს აკვირდებიან.
მედიამონიტორინგის მიზანი, მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების ტენდენციებისას გამოვლენა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშვებაა.

















