საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიის აღდგენილი მუზეუმი გახსნა და ადგილობრივებს და ჩასულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
სააკაშვილის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ, სვანეთი და მესტია დანგრეული და მიუგომელი ადგილი იყო. მისი თქმით, ამის გამო ადგილობრივებს ქვეყნის დატოვება უწევდათ, დღეს კი - ვითარება შეიცვალა.
„ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ სვანეთის დაბრუნების, აღორძინების, სვანების სვანეთში დაბრუნების, საქართველოს განვითარებისა და წინსვლის“-აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მესტიის მუზეუმის ძველ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მუზეუმი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, უნიკალური ექსპონატები განადგურების პირას, პერსონალი ფაქტობრივად უხელფასოდ მუშაობდა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივებმა მუზეუმი დღემდე შემოინახეს.
„როდესაც ამ ყველაფრის აღორძინება დავიწყეთ ბევრი გვიშლიდა ხელს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი ახირება კი არ არის, მართლა მინდა, რომ ეს ყველაზე მაგარი ადგილი გახდეს მთელ საქართველოში და ყველამ ერთად ვიამაყოთ“-განაცხადა სააკაშვილმა.

















