საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მაღალმთიან აჭარაში სასტუმროს მშენებლობით შემოსავლის კარგი წყარო გაჩნდება.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს გოდერძის უღელტეხილზე განაცხადა, სადაც სასტუმრო კომპლექს „პიაცა ალტას“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, აჭარის მაღალმთიან რაიონებს განვითარება სჭირდება.
მისი თქმით, სოფელ გომარდულსა და ქედლებში ორი სკოლა აშენდა, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდა.
„აქ 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და მაღალმთიან აჭარაში შემოსავლის კარგი წყარო გაჩნდება. არ არსებობს მსოფლიოში მაღალმთიანი სათხილამურო კურორტი ასეთი მონაცემებით, სადაც ხალხი გაჭირვებით ცხოვრობს და არ იყოს დასაქმებული“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ბევრი აცხადებს, რომ მთავრობა ყველაფერს უცხოელებისთვის აკეთებს. მისივე განცხადებით, უცხოელებისთვის კი არა, ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობისთვის კეთდება, რადგან მათთვის სხვა პერსპექტივა არ არსებობს.
„ახალციხეში კარგი ადგილი გაკეთდა და ტურისტული მარშრუტი შეიქმნა. ვანში რომ მუზეუმს ვაკეთებთ, ის ტურისტული მარშრუტი ასევე, აჭარისთვისაა. მარშრუტის გაყოლებაზე ბიზნესი ჩნდება, უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის და უფრო მეტი ხალხი საქმდება“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ საბერძნეთი და იტალია სწორედ ტურისტებით გამდიდრდა.
სასტუმრო „პიაცა ალტას“ მშენებლობას დღეს გოდერძის უღელტეხილზე საფუძველი საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუყარა. პროექტის ფარგლებში, ორი 7 სართულიანი ნაგებობა აშენდება. მშენებლობის პირველი ეტაპი 2013 წელს დასრულდება.

















