მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს სერგო ჯავახაძეს ყოფილი თანაპარტიელები ხელისუფლებასთან გარიგებასა და პარტიის თანხების
არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის, ასევე მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციების ყოფილმა თავმჯდომარეებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც გურიის რეგიონული ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლელა ჩახვაძემ განმარტა, პარტიას ყოფილი თანაპარტიელების მიმართ დავალიანება ჯერ კიდევ ზურაბ ნოღაიდელის თავმჯდომარეობისას ჰქონდა, რომელიც უარს ამბობდა კუთვნილი ანაზღაურება მიეცა “კარდაკარში“ მონაწილე აქტივისტებისთვის.
ჩახვაძის თქმით, ამის გამო, მათ ნოღაიდელი გადააყენეს და კუთვნილი თანხების მისაღებად სასამართლოს მიმართეს. სასამართლო პროცესი 2012 წელს დასრულდა, რომლის გადაწყვეტილებით, ნოღაიდელის ქონება აუქციონზე გაიყიდა და თანხა 259 ათასი ლარი პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხა. გურიის რეგიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ თანხით პარტიის ახალ თავმჯდომარეს სერგო ჯავახაძეს „კარდაკარის“ მონაწილეების სახელფასო დავალიანება უნდა გაესტუმრებინა, თუმცა, ასე არ მოხდა და ფული გაურკვეველი მიზნით დაიხარჯა.
ჩახვაძის თქმით, ჯავახაძე თანაპარტიელებთან საუბარში აცხადებდა, რომ მას ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიხეილ მაჭავარიანი მფარველობდა და „მისთვის წილი უნდა მიეცა“.
აქედან გამომდიანარე, „სამართლიანი საქართველოსთვის“ ყოფილი წევრები ეჭვობენ, რომ აღნიშნული თანხები ჯავახაძემ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ გადაამისამართა.
ჩახვაძის თქმით, მაჭავარიანსა და ჯავახაძეს შორის კრიმინალური ავტორიტეტი იდგა, რომელიც მაჭავარიანის შტაბის ხელმძღვანელ გიორგი ხახმელიძესთან მეგობრობდა.
„სამართლიანი საქართველოსთვის“ ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პარტია ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.
„ჩვენი მთავარი დავალება იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიგვეღო და „ქართული ოცნებისთვის“ თუნდაც 5-6 ხმა წაგვერთმია“ - აცხადებს ჩახვაძე.
პარტიის ყოფილმა წევრებმა გენერალურ პროკურატურას მიმართეს, ისინი პარტიის თავმჯდომარისგან კუთვნილ სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.

















