საქართველოში მყოფი ნატოს ელჩები ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოთი და მედიის ხელმისაწვდომობის საკითხით დაინტერესდნენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა.
ომბუდსმენის თქმით, ელჩებმა მოითხოვეს ინფორმაცია ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დარიგების საკითხთან დაკავშირებით, ასევე, დაინტერესდნენ რამდენად აქვთ საარჩევნო სუბიექტებს თანაბარი პირობები საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად.
გარდა ამისა, დიპლომატებმა ითხოვეს ინფორმაცია წინასაარჩევნო გარემოს კონკურენტულობის ხარისხის, წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საქმიანობისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობის შესახებ.
დღესვე, სტუმრები, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ლიტვისა და ესტონეთის ელჩები ნატო-ში და პოლონეთის ელჩის მოადგილე საქართველოს ორდღიანი ვიზიტით დღეს გამთენიისას ეწვივნენ.

















