საპარლამენტო არჩევნების დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ქვეყნის ყველა საარჩევნო უბანზე, არჩევნების
მიმდინარეობას ფოტო და ვიდეო ფირზე ასახავს.
ორგანიზაციას საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსი აქვს.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მიმართავს ყველა აქტიურ მოქალაქეს, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს, საქართველოში გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებას ხელი შეუწყოს - ორგანიზაციის ოფისში რუსთაველის №14-ში მივიდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და არჩევნების დღეს პროცესის გადაღებაში მიიღოს მონაწილეობა.
„მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ყველა იურიდიულ პირს, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის ყველა საშუალებას, რათა თავისი რესურსები გააერთიანონ არჩევნების მიმდინარეობის პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღების საქმეში. შევქმნათ დარღვევების ერთიანი ბაზა და არჩევნების დღეს ერთად მოვახდინოთ ამ დარღვევების შესახებ მოპოვებული და დაფიქსირებული მასალების წარდგენა საზოგადოების წინაშე“- აღნიშნავს კაკაბაძე.
მისი თქმით, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ოფისში დარღვევების დაფიქსირების შტაბი შეიქმნება, სადაც არჩევნების მიმდინარეობის დღეს, ყოველ ორ საათში ბრიფინგი გაიმართება და საქართველოს ყველა საარჩევნო უბნიდან წარდგენილი იქნება ფოტო და ვიდეო მასალა“ - განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა ცესკო-ს, საოლქო საარჩევნო კომისიებს და მათგან ხელშეწყობა და საარჩევნო უბნებზე უწყვეტი დენის წყარო მოითხოვა.

















