საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე თბილისში
მდებარე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსს" ესტუმრნენ.
სასწავლებელში პრემიერი სწავლის პროცესის მიმდინარეობას და კოლეჯის გაფართოების გეგმებს გაეცნო. კოლეჯის წარმომადგენლების განცხადებით, სასწავლებელმა გახსნიდან დღემდე 3 000-მდე სტუდენტი მოამზადა, რომელთა 76% დასაქმებულია.
ვანო მერაბიშვილმა სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, სასტუმროებისა და რესტორნების რაოდენობა და შესაბამისად, იმ პროფესიებზე მოთხოვნაც გაიზრდება, რომელთა დაუფლებაც კოლეჯ „იკაროსშია“ შესაძლებელი.
პროფესიული სწავლების ცენტრი „იკაროსი" 2007 წელს გაიხსნა და ორიენტირებულია სერვისის სფეროში დაბალი და საშუალო რგოლის მომსახურე პერსონალის მომზადებაზე. სასწავლებელში ფუნქციონირებს სამი ძირითადი პროგრამა - კულინარული ხელოვნების, სარესტორნო საქმის, კვებისა და სასმელების სერვისი და სასტუმრო საქმე.

















