საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღეს ომანის სასულთნოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში დოქტორ შეიხ ღაზი ალ რავასს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ომანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის რეგულარული კონსულტაციების გამართვის აუცილებლობას.
მინისტრის მოადგილემ სტუმარს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ომანის მხარემ თავისი ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა და საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმს მოეწერა ხელი.

















