მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა
- ამის შესახებ დღეს, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრესკონფენციაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, შრომისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ტომას მელიამ განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, მთავრობის და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობა სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს.
„სხვადასხვა შეხვედრებზე ლიდერებს ვთხოვეთ, რომ საარჩევნო კანონი ყველა პარტიამ სრულად დაიცვას. შეხვედრებზე მათთვის გადაცემული გზავნილები იდენტურია. აშშ მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომ თავისუფალი სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“-განაცხადა ტომას მელიამ.
მისივე თქმით, აშშ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს უპირატესობას არ ანიჭებს.
„აშშ-ს მთავრობა მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს იმ ლიდერებთან, რომლებსაც ქართველი ხალხი აირჩევს“ - განაცხადა მელიამ.
მისივე შეფასებით, შიდა და საერთაშორისო აღქმა საარჩევნო კამპანიის სამართლიანობისა, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, მედიის ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება.
აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაცია მელიას ხელმძღვანელობით საქართველოში უკვე მესამე დღეა იმყოფება და შეხვედრებს მართავს. ვიზიტის შედეგები დელეგაციამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.

















