წინასაარჩევნოდ საქართველოში პოლიტიკური სპექტრის პოლარიზება ის ძირითადი საკითხია,
რომელიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას აწუხებს - ამის შესახებ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„პოლარიზაცია ბევრი პრობლემის საფუძველია და ყველას მოეხსენება საიდან მომდიანარეობს საარჩევნო პროცესის პოლარიზაცია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ეს შემცირებულიყო, თუმცა, ბოლო რვა თვის განმავლობაში, ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევ ღრმად პოლარიზებულია და არა ჩვენი მიზეზით“ - განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დელეგაციის წევრებს აინტერესებდათ ყველაფერი, რაც წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნებისთვის მზადებას ეხება.
ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია ერთ-ერთი იქნება იმ სადამკვირვებლო მისიებიდან, რომლებიც ობიექტურ და ყოვლისმომცველ შეფასებას გააკეთებენ.

















