ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი საქართველოში 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს.
როგორც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდეს.
ამასთან, პაეტის თქმით, თავისუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და მნიშვნელოვანია, რომ პროცესებს ყველა პოლიტიკური ძალა პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
„ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დადგენილი შედეგები ყველა მათგანმა აღიაროს“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით ესტონეთი იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდად ჩაივლის და არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად ყველა პირობა იარსებებს.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება ახალი პარლამენტი, რომელიც ხალხის ნების გათვალისწინებით დაკომპლექტება.
პაეტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ არჩევანი იმის მიხედვით უნდა გააკეთოს, თუ რა სჭირდება დღეს მის ქვეყანას.

















