„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებულ პოლარიზაციასა და წინასაარჩევნო კამპანიის ხარვეზებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, თუ წინა არჩევნებზე მონოპოლისტური გარემო იყო და ერთი სუბიექტი ფლობდა ყველანაირ რესურს, მათ შორის ფინანსურს, ახლა სახეზე გვაქვს ოლიგოპოლია, როდესაც ორი ძალიან ძლიერი სუბიექტი, ცდილობს გადაინაწილოს მთელი პოლიტიკური სივრცე, მათ შორის, მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
„ამ პოლარიზების შედეგად, ეს ორი სუბიექტი ქმნის განწყობას, რომ არჩევანი მხოლოდ თეთრსა და შავს შორის არის. მიგვაჩნია, რომ ასეთი არჩევანი არ იქნება სრულყოფილი და საზოგადოების განწყობის ადეკვატური, რადგან ელექტორატის მესამედს, პოზიცია ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ასეთი შეხვედრები საერთაშორისო დამკვირვებლებთან, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან, ძალიან მნიშვნელოვანია დარღვევების პრევენციისა და არჩევნების საბოლოო შედეგების შეფასების კუთხით.

















