საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
ივანიშვილის თქმით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ბილდტთან შეხვედრაზე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კითხვა დაისვა, თუმცა, ბილდტმა მისგან შესაბამისი განმარტება მიიღო.
„მასთან შეხვედრაზე რაღაც მსგავსი შეკითხვა იყო. კარგად ავუხსენი და მანაც კარგად გააცნობიერა, რომ არაფერი მსგავსი არ იგეგმება. ჩვენი ხელისუფლება ძალიან კარგად ახერხებს შეცდომაში მათ შეყვანას და სიცრუის დანერგვას“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ პუტინის საუკეთესო პარტნიორი საქართველოში პრეზიდენტი სააკაშვილია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორ ავტორიტარ ლიდერს ერთმანეთი სჭირდება.
„ამ ყველაფერზე რუსული მხარის რეაქციით, განმიმტკიცდა რწმენა, რომ პუტინის საუკეთესო პარტნიორი საქართველოში არის მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, რადგან კრემლი ახერხებს ყველა თავისი ძირითადი ინეტერესის მიღწევას საქართველოში. ასე რომ, ამ ტიპის რექცია დადგმულ სპექტაკლს უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სხვას“- აღნიშნა უსუფაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს არათანმიმდევრული პოლიტიკური შეხედულებები აქვს. ლუკაშევიჩმა ეს შეფასება კარლ ბილდტის მიერ ქართული ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გამოთქვა.
კერძოდ, როგორც რუსული მხარე აცხადებს, შვედი მინისტრი საქართველოში არჩევნების შემდეგ ქართული ოპოზიციის შესაძლო ქუჩის გამოსვლებს კონტრპროდუქტიულს უწოდებს.
„ის ცნობილია „არაბული რევოლუციებისა“ და სხვა სახელმწიფოებში საპროტესტო აქციებისადმი თავისი აქტიური მხარდაჭერით. ამიტომ, მისი მცდელობა აპრიორი შეზღუდოს რეაქცია საქართველოში არჩევნებისას დემოკრატიული ნორმების შესაძლო დარღვევებზე, როგორც მინიმუმ, გამოიყურება, როგორც მინისტრის არათანმიმდევრული შეხედულება“ - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

















