კოლიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები - ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, კახა კალაძე და თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციას შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დელეგაციის წევრებმა კარგად იცოდნენ საქართველოში არსებული პრობლემები, თუმცა, ბევრი კითხვებიც ჰქონდათ. მისი თქმით, კოალიციის ლიდერებმა ევროსაბჭოს წინასაარჩევნო დლეგაციას რეალური მდგომარეობა დაანახეს.
„ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ 1 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად დემოკრატიულის მსგავსი არჩევნები ჩატარდეს. მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება აირჩიოს ის, ვისაც უფრო მეტად ენდობა. ვეცდებთ, მოვახერხოთ და ეს ხმები დავიცვათ“-განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არჩევნების ყველაზე გავლენიანი შემფასებელია და ისინი დინტერესდნენ, თუ რაში გამოიხატება ხელსუფლების მხრიდან ადმინისტრაციული საარჩევნო რესურსის გამოყენება.
„დაინტერესდნენ იმითაც, თუ როგორ მოხდა, რომ მთელ ქალაქში ბილბორდები მხოლოდ ერთ პარტიას შეხვდა. ასევე, რა მოხდა სატელიტურ თეფშებთან დაკავშირებით. იყო საუბარი სასამართლოებზეც. მათ გამოთქვეს სურვილი და იმედი, რომ საპარლამენტო არჩვნების შედეგ კოალიციის წარმომადგენლები, როგორც მათი კოლეგები, გავაგრძელებთ ურთიერთობას ევროპულ ასპარეზზე“-აღნიშნა უსუფაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. მათ დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები აქვთ დაგეგმილი.

















