პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს უწყებათაშორის კომისიას იმ დარღვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში აფიქსირებენ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არათანაბარ გარემოზე საუბრობენ და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფატებზე ამახვილებენ ყურადღებას.
როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, ოზურგეთის რაიონში ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა პოლიცია და „მემარჯვენეების“ მხარდამჭერებზე ზეწოლას ახორციელებს. ასევე, ხელს უშლის წინასაარჩევნო შეხვედრების ჩატარებას.
მან, ამასთანავე, ხაზი გაუსვა სააგიტაციო მასალის საჯარო ადგილებში გაკვრის პრობლემებს. კაციტაძის თქმით, შესაძლოა, „მემარჯვენეები“ ხელისუფლებამ იმის გამო, დააჯარიმოს, რომ ზუგდიდში ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებზე „მემარჯვენეების“ საარჩევნო სტიკერები იყო გაკრული.
„ხელისუფლებამ კარგად იცის აკრძალვები, თუმცა, სად შეიძლება ასეთი მასალის გაკვრა ნათლად დაწერილი არ არის“ - განაცხადა კაციტაძემ და იმედი გამოთქვა, რომ კომისია აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას მოახდენს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა კომისიას ინფორმაცია მიაწოდა დმანისის რაიონში კოალიციის მხარდამჭერი 9 პიროვნების სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ. ცხრავე პიროვნება ხრამჰესის გენერალურმა დირექტორმა გაათავისუფლა.
„გათავისუფლებული პირები „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები არიან და ისინი „ქართული ოცნების“ დმანისის რაიონის შტაბის უფროსთან გოგი ბარბაქაძესთან ნათესაურ კავშირში იმყოფებიან“ - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, გარკვეული უმნიშვნელო ცვლილებები იგრძნობა, მაგრამ დარღვევები და კონკურენტებისთვის არათანაბარი გარემოს შექმნა კვლავ არის.
სუბარმა დროული რეაგირება მოითხოვა თელავში „ქართული ოცნების“ აქციის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე.
სუბარის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე თავდამსხმელები დროულად უნდა დააკავონ.
დარღვევებზე ისაუბრა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზურაბ ზვიადაურს 27 აგვისტოს ჰქონდა მცდელობა ომალოში ჩაეშალა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პეტრე ცისკარიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრა.
თაქთაქიშვილმა მოითხოვა ინფორმაცია „ქართული ოცნებიდან“ იმის შესახებ, თუ რა ზომები ტარდება მსგავსი ქმედების აღკვეთის მიზნით.

















