უწყებათშორისმა კომისიამ თელავში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო.
უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
„როგორც კი ჩვენთვის დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, რეაგირებას მოვახდენთ“ - განაცხადა კინწურაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მიერ თელავში გამართული აქციის შემდეგ ინციდენტი მოხდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, აქციის შემდეგ კოალიციის სამი მხარდამჭერი ავტომობილისკენ მიდიოდა, რომლითაც ისინი სახლში, პანკისის ხეობაში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამ დროს მათ 20-მდე ახალგაზრდა დაესხა თავს და სცემა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პოლიციელები მივიდნენ და ისინი თელავის რაიონულ სამმართველოშიდაკითხვაზე წაიყვანეს.

















