„ახალი მემარჯვენეების“ ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ღვინის წარმოებასა
და ექსპორტში საქართველოში მონოპოლიური მდგომარეობაა შექმნილი.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ ღვინის წარმოებისა და ექსპორტის მონოპოლიზების გამო, ზესტაფონში შვიდზე მეტი ღვინის ქარხანა დაიხურა.
„ზესტაფონში ათამდე ღვინის ქარხანა მოქმედებდა და მეღვინეები ახერხებდნენ თავიანთი ნაწარმის რეალიზებას ქვეყნის შიდა თუ გარე ბაზარზე. როგორც ყველა სფეროში, ისე ღვინის წარმოებაშიც, ხელისუფლებამ მონოპოლიები შექმნა და სხვებისთვის დაბლოკა ღვინის ექსპორტი. სწორედ ამან განაპირობა ზესტაფონში ღვინის ქარხნების დახურვა და დანგრევა“- განაცხადა შავგულიძემ.
მისივე თქმით, პარტია „ახალი მემარჯვენეები“ მონოპოლიების წინააღმდეგ იბრძვის და აუცილებლად მიაღწევს იმ შედეგს, რომ ქვეყანაში თავისუფალი, კონკურენტული ბიზნეს-გარემო შეიქმნას.

















